მთავარირეგისტრაციაშესვლა თვალხატულა ხუთშაბათი, 2025-07-17, 0:04 AM
  მუზების სამეფო მოგესალმები სტუმარი | RSS

 
 
მთავარი » ფაილები »

ლადო ასათიანი
2014-10-01, 2:46 AM
 
 
 
ძველი დღისათვის
 
ო... არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.
და აი გუშინ, როცა კარადის
თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით,
უეცრად ვნახე თქვენი ბარათი,
თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი.
- გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს,
― ჩამჩურჩულებდა ნაზად წერილი
და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა,
აწ გარდასული და გაფრენილი.
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.
 
 
 
 
ჩემი სამშობლო
ტკბილია, როგორც დედის რძით
ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი,
როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე
ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს
ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია,
მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი
ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი
ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში
ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი,
ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა
და შეძახილი თამადის:
— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის
და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული,
მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა
რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი,
ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი,
ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული,
ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა
და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო,
ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი
ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის
თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული,
ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი,
მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი,
სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად
მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა
ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წიქვილში
მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში
ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი,
ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო,
მოსული თავისთავადა.
ხალხია ენამზიანი,
გმირი და არამკვეხარა,
— დიდია ჩემი სამშობლო,
ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის
და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული
მხარე მეორე სად არი?
 
 
 
 
 
 
 
 
საქართველოში
 
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კრწანისის ყაყაჩოები
 
სამასი არაგველის ხსოვნას
 
ჰეი, თქვენ, არაგველებო,
გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა
და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო,
ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა
ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო,
ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ
ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ
პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს,
ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით
და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია
და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი
რა ძალამ ააბრდღვიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო,
გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა
და მუხლის მოდრეკა მომინდა.
 
 
 
 
***
 
― ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა,
— ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.
― ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა,
— ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.
― ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა,
— ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ.
 
 
 
 
სალაღობო
 
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული
და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
- ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.
„კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!“
დაუკარით,
რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს
მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
დაუკარით!
ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის
სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
დაუკარით!
და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით,
რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით!
და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!
დაუკარით,
მოასწაროთ, თორემ ჰერი…
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით!
განა ყველა ლოთი არის?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაიცვდება!
„ვაჟკავცსა გული რკინისა,
აბჯარი უნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედველნი,
ზედ მუხლი შავარდნისანი!“
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული
და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
- ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.
 
 
 
 
ქართლის გზაზე
 
ჰეი, ძმობილო, შეხედე,
რამდენი ყაყაჩო გაშლილა!...
რაც უფლისციხეს გამოვცდით,
უფრო და უფრო გახშირდა;
მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს
ეფინება და ედება,
გზაში ყაყაჩოს შეხვედრა
სიკეთედ დაგვებედება:
სულ ახალგაზრდათ ვიქნებით,
გული არ დაგვიბერდება!
ჰეი, ძმობილო, შეხედე,
რამდენი ყაყაჩო გაშლილა!...
რაც უფლისციხეს გამოვცდით,
უფრო და უფრო გახშირდა.
მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ
და სხვა დიდება ნუ გვინდა,
ყაყაჩომ თუ მოგვანათოს
ლამაზი ქალის შუქითა!
 
 
 
 
ქართული ენა
 
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან...
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
 
 
 
 
ყაყაჩო
 
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა…
უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა;
შერცხვა და თავი დახარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა?!
 
 
 
 
 
 
 
 
***
 
მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!
მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!
მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს,
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,
და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,
შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!
მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს,
ლამაზი არის თბილისში ყველა
და სიყვარულით უგონოდ მთვრალი
და შველა უნდათ ლამაზებს, შველა!
მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს,
ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,
ყველა ღვინისმსმელს და ყველა კახელს,
ამ ჩემ პატარა ძველთაძველ მამულს,
ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,
თბილისის ცას და თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე, გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი.
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,
ვისაც სახელი შორს გაუვარდა,
ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,
გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,
საიდან მოველ ან საით წავალ,
– და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!
 
 
 
 
ალბომიდან
 
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.
ვეტყვი, თუ როგორ გიყვარდა გულით
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.
ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,
ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.
ო მასაც ვეტყვი ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!
ო... მასაც ვეტყვი ძვირფასო, ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას
გასეირნება და ხეტიალი.
როგორ გვათრობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწოდით...
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!
ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღში სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები?
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები!
 
 
 
 
 
თქვენ გეუბნებით, ძმებო, მგოსნებო!
 
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე?!
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?!
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?!
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე,
― ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!
 
 
 

 

 
 
 
 
 
 
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი
 
ძველად თურმე, როცა მტრების
უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ
საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყადათ,
ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ
საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე,
ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი
და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა,
მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა
ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ,
მარად დაუზრახველნი,
- საქართველო იყო მათი
საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ
რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ
ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა
მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ,
თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო,
თუ მინდორი მარაბდის,
- საქართველო იყო მათი
საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ
სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ,
ვაჟკაცურად გაჰქონდათ
- სპარსეთში თუ დაღესტანში,
კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა
ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის
შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა
ქართლელი თუ კახელი,
- საქართველო იყო მათი
საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ
წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ
დედურ დაიმედებით;
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ,
არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ
საქართველოს ედემი!
ისე მტკიცედ იყვნენ თურმე,
ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი
და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა,
მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა
ფერი, მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ
ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი
უწმინდესი სახელი.
 
 
 
 
 
 
კატეგორია: | დაამატა: მარია
ნანახია: 1427 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
 
 
***

სექციის კატეგორიები
[7]

შესვლის ფორმა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 2

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

 

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz